Friday, 7 September 2018

ლაშქრობა შავი კლდეების ტბაზე

შესავალი


საქართველოში პირველი სახელმწიფო ნაკრძალი ლაგოდეხში დაარსდა 1912 წელს . მისი შექმნა პოლონელი ბუნებისმეტყველის, ლუდვიკ მლოკოსიევიჩის სახელს უკავშირდება. სწორედ მლოკოსიევიჩმა დაამტკიცა, რომ კავკასიური როჭო განსხვავდება ევროპულისგან და ის იყო ინიციატორი ლაგოდეხის ტერიტორიაზე ნაკრძალის შექმნისა. მართალია სიცოცხლეში ამას ვერ მოესწრო, მაგრამ მისი ღვაწლი უდიდესია ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დაარსებაში.
ამჟამად ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები მოიცავს  სახელმწიფო ნაკრძალსა და აღკვეთილს და გამოირჩევა უნიკალური ფლორითა და ფაუნით. სწორედ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს უნდა ეწვიოთ თუ შავი კლდეების ტბის მონახულება გსურთ, რომლის სალაშქრო ბილიკიც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია საქართველოში არსებულ სალაშქრო ბილიკებს შორის.

დღე პირველი

თბილისიდან ადრიანად დავიძარით და დაახლოებით 09:30-ზე უკვე ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს მივადექით.
პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, ადმინისტრაციაში ვიზიტორად დაფიქსირებაა. სადაც გაგაცნობენ ბილიკებს და მათ შესახებ ინფორმაციას. ასევე იქ მოწყობილ საგამოფენო სივრცეში შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას ლაგოდეხში მობინადრე იშვიათი ცხოველებისა თუ მცენარეების შესახებ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ წინ საკმაოდ რთული გზა გელოდებათ, სჯობს მალევე შეუდგეთ ლაშქრობას.
დაახლოებით 10:20-ზე ბილიკს დავადექით. მოვიმარაგეთ წყალი და გავწიეთ ტურისტული თავშესაფრისკენ, რომელიც ადმინისტრაციიდან დაახლოებით 12 კმ-ით არის დაშორებული. თავდაპირველად გზა ისეთი მარტივი მოგეჩვენებათ, დაგავიწყდებათ ყველა გაფრთხილება, რომელიც მანამდე წაგიკითხავთ ან გსმენიათ. გადავკვეთეთ მდინარე ლაგოდეხისხევი და გზა გავაგრძელეთ.
მალევე პირველი შეცდომა დავუშვით. ულამაზეს ტყეში შესასვენებლად ჩამოვჯექით და ჯერ არცთუ ძალიან დაღლილებმა წყლის გარკვეული მარაგი გავხარჯეთ. არადა სულ რაღაც ათ წუთში დაიწყო დაუსრულებელი და მომქანცველი აღმართები სადაც ენერგია და წყალი ფასდაუდებელი რამ გახდა. ხშირი შესვენებებითა და წყლის საკმაო მარაგისგან დაცლილებმა მივაღწიეთ ნიშნულს, რომელიც გვიჩვენებს, რომ მეტეომდე გზის ნახევარი გავლილია. აქვე მოწყობილია საპიკნიკე ადგილი: მაგიდა და სკამები, სადაც შევისვენეთ და წავიხემსეთ.
 ზოგადად ბილიკი საკმაოდ კარგად არის მარკირებული. წითელი და თეთრი ნიშნულები გაჩვენებენ გზას, ხოლო მანძილის მაჩვენებელი ნიშნულები ყოველ სამ კმ-შია განთავსებული, რაც საშუალებას გაძლევთ მეტ-ნაკლებად განსაზღვროთ თქვენი ძალები და სიარულის ტემპი. 
შესვენების შემდეგ აღმართები კიდევ უფრო აუტანელი გახდა. გვეჩვენებოდა, რომ მანძილი არ მოკლდებოდა, მაგრამ მაინც მივიწევდით წინ. დაღლილებს აღარც ტყე გვეჩვენებოდა ლამაზად, რადგანაც წყლის მარაგი, ფაქტობრივად, სრულად ამოვწურეთ.
საბოლოოდ, როგორც იქნა, აღმართები დასრულდა და ბილიკი გასწორდა. გზის გამოსწორებამ, წყურვილმა და წყალთან მიახლოებამ ენერგია შეგვმატა და შესვენებებზე თითქმის აღარ გვიფიქრია. მალე გამოჩნდა ნიშანი, რომელმაც გვამცნო, რომ თავშესაფრამდე 3 კმ იყო დარჩენილი. 
გზა გავაგრძელეთ და მალე ტყიდან გავედით, რაც, რაღა თქმა უნდა, კარგის ნიშანი იყო - თავშესაფარი ახლოვდებოდა. 
მეტად აღარ შეგვისვენია და მალე მივაღწიეთ ნიშანს, რომელიც გვაუწყებდა, რომ თავშესაფრამდე 1 კმ იყო დარჩენილი. 
ნახევარი საათის გზა ოციოდე წუთში დავფარეთ და თავშესაფარში მივედით. იქ ერთი გერმანელი, ორი ფრანგი და ერთიც კორეელი ტურისტი დაგვხვდა, რომელსაც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ლაგოდეხელი გიდი ახლდა ცხენებით.


თავშესაფართან ნიშნულია, რომელიც გაუწყებთ, რომ წყალი ორას მეტრშია. რაღა თქმა უნდა, ყველანი წყლისკენ წავედით, წყლის სმით გული რომ ვიჯერეთ და ჭურჭელიც პირთამდე ავავსეთ, თავშესაფართან დავბრუნდით. ნაწილმა კარავს, ნაწილმა კი ვახშამს მივხედეთ. პირველი თავშესაფარი შედარებით ახლოა ტყის ზონასთან, ასე რომ, აქ ცეცხლის დანთება შედარებით მარტივია. ცეცხლი დავანთეთ და შეღამებულზე ინტერნაციონალური სუფრაც გაიშალა (თუმცა ფრანგები არ შემოგვიერთდნენ). ნელ-ნელა ყველამ ჩვენს კარავსა და საძილეს მივაშურეთ.

 მეორე დღეს 12,5 კმ გვქონდა გასავლელი ტბამდე, ხოლო ტბიდან მეორე თავშესაფრამდე 3 კმ.

დღე მეორე


მეორე დილით, მიუხედავად იმისა, რომ ადრიანად გასვლა გვქონდა დაგეგმილი, დავიგვიანეთ და გზას 09:30-ზე გავუდექით. 
ბანაკიდან ყველაზე ბოლოს ჩვენ გავედით. გზა ისევ აღმართებს გაუყვა, კიდევ ერთი ტყეც გავიარეთ და საბოლოოდ აღმოვჩნდით ალპურ ზონაში. აქედან დაიწყო საოცარი ხედები ალაზნის ველზე, რაც ნამდვილად აიოლებდა საკმაოდ რთულ აღმართებს.
მალე ნიშნულიც გამოჩნდა, რომელიც ტბამდე დარჩენილ მანძილს (9 კმ) გვაუწყებდა და ასევე სასმელი წყლის არსებობას. 
იქვე იყო საინფორმაციო დაფა, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე არსებული იშვიათი ფრინველების შესახებ. 
ამ შესვენებისას დავლიეთ წყალი, გადავიღეთ ფოტოები, ჟოლოც დავაგემოვნეთ და გზას გავუდექით. რაც უფრო მაღლა ავდიოდით, მით უფრო საოცარი ხედები იშლებოდა ჩვენ თვალწინ. ცოტა ხანში ჩვენზე გაცილებით ადრე გასულ გერმანელ ტურისტს, მათიასს წამოვეწიეთ, რომელიც აღფრთოვანებული იღებდა სურათებს. 

კიდევ საკმაო მანძილის დაფარვის შემდეგ, შორს გამოჩნდა თავშესაფარი, სადაც ვიყავით წინა ღამით დაბანაკებულები. 
ტბამდე  ექვსი კილომეტრი რომ დარჩა, ავიარეთ საკმაოდ მკვეთრი აღმართი და შევისვენეთ. შესვენება ყოველმხრივ დროული იყო, რადგანაც ძლიერი ნისლი ჩამოწვა. 


ამის შემდეგ გზა ნამდვილად გამარტივდა. დამღლელი აღმართები წარსულს ჩაბარდა და ფაქტობრივად ყოველგვარი დაღლის გარეშე მივაღწიეთ მესაზღვრეებს, სადაც სასაზღვრო კონტროლი გავიარეთ. (ეს აუცილებელი პროცედურაა, რადგანაც ამ მარშრუტზე გადაადგლება სასაზღვრო ზონაში გიწევს. შავი კლდეების ტბა ბუნებრივ საზღვარს წარმოადგენს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის. ტბის ნახევარი საქართველოს ტერიტორიაზეა, ხოლო ნახევარი რუსეთის, სახელდობრ, დაღესტნის).
მესაზღვრეებთან დაახლოებით ნახევარი საათი დავკარგეთ. ინფორმაციების გადამოწმების შემდეგ საშვი მოგვცეს, ერთმანეთს დავემშვიდობეთ და გზა გავაგრძელეთ. გზად ალპური ჭაობებიც ვიხილეთ და მომცრო ტბა, საიდანაც მთავარ სანახაობამდე ცოტაღა იყო დარჩენილი. 

მომცრო ტბაზე დიდხანს აღარ შევჩერებულვართ და გზა შავი კლდეების ტბისკენ გავაგრძელეთ. ბუნების მკვეთრი ცვლილებები ყოველ წამს გვაოცებდა. მალე მივადექით ნიშნულს, საიდანაც ტბამდე 0,5 კმ რჩებოდა.
20 წუთის გზის გავლა სულ რაღაც ათ წუთში შევძელით და შავი კლდეების ტბაც გამოჩნდა. ზუსტად ამ დროს მზე ღრუბლებს მიეფარა, ცოტა წამოწვიმა და ქარი გაძლიერდა, რის გამოც ტბასთან ძალიან აცივდა. შავი კლდეების ტბა ზღვის დონიდან 2800 მეტრზე მდებარეობს. ტბა გამდინარეა დაღესტნის მხარეს. თევზი არ ბინადრობს. 
ტბასთან ისე ციოდა, წყალში შესვლა ყველამ გადავიფიქრეთ. გარდა ჩვენი ახალშეძენილი გერმანელი მეგობრისა, რომელიც სიცივეს არ შეუშინდა და წყალში შევიდა. ამის გამო ახალი მეტსახელი, Crazy Matthias დაერქვა.
მიუხედავად დიდი სურვილისა ტბისთვის შემოგვევლო, რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ მესაზღვრეების მკაცრი გაფრთხილება, თავი საფრთხეში აღარ ჩაგვიგდია, ტბაზე გარკვეული ხანი გავჩერდით, სურათები გადავიღეთ და თავშესაფრისკენ გავემართეთ, რომელიც ტბისგან 3 კმ-ით არის დაშორებული.
როგორც გვითხრეს ამ გზაზე, ხშირად არის შესაძლებელი ჯიხვების ნახვა,  თუმცა სამწუხაროდ ჩვენ არ გაგვიმართლა. გზად შევხვდით კიდევ პატარ-პატარა ალპურ ტბებსა და ჭაობებს.

აქედან თავშესაფრამდე ბევრი აღარ რჩება. და ჩვენც მალე მივაღწიეთ "დემიდოვის ბინას".

ეს თავშესაფარი ზღვის დონიდან 2650 მეტრზე მდებარეობს და საღამოს საკმაოდ ცივა. ინტერნაციონალური მოლაშქრეთა სუფრა, რაღა თქმა უნდა, ამ საღამოსაც გაიშალა. ეს ბოლო ღამისთევა იყო ამ ტურის. მეორე დილას 15 კმ უნდა გაგვევლო. 

დღე მესამე

დილით ადრიანად ავდექით. ვისაუზმეთ, ჩავბარგდით და უკანა გზას დავადექით, რომელიც, როგორც გაგვაფრთხილეს, ძალიან რთულად გასავლელია მკვეთრი დაღმართების გამო.

გაფრთხილება დაღმართების შესახებ გადაჭარბებულად მოგვეჩვენა, რადგან გზა ტყის ზონამდე ძალიან მარტივად გავიარეთ. ტყეში შესვლის შემდეგ კი ნამდვილად დაიწყო დაღმართები, რომელმაც უფრო იმატა და გზა თითქოსდა დაუსრულებელი გახდა. 


უკანა გზაზეც სასმელი წყლის პრობლემაა, რაც წინასწარ ვიცოდით და მომარაგებული გვქონდა. საკმაოდ მალე მივაღწიეთ ნიშანს, რომელიც ადმინისტრაციამდე 8 კმ გზას გვიჩვენებდა, მაგრამ ამის შემდეგ ნიშანი აღარ შეგვხვედრია ისე ჩამოვედით ქვემოთ. ლაშქრობის მესამე დღეს ციცაბო დაღმართებზე ჩამოსვლა, ცოტა არ იყოს, მოსაწყენი გახდა. როგორც იქნა, მდინარის ხმა გავიგეთ. წყლის ხმა კიდევ უფრო გაძლიერდა და მალე დავინახეთ კიდევაც. სულ ცოტაც და სწორ გზაზე, მდინარე შრომისხევის ნაპირას ჩამოვედით, ბილიკზე, რომელიც როჭოს ჩანჩქერისკენ მიდის. 
სიმართლე გითხრათ, დაგეგმილიც გვქონდა როჭოს ჩანჩქერის მონახულებაც, მაგრამ ფეხსაცმელმა დაღმართებზე ყველას ძალიან გვატკინა ფეხები, რის გამოც ამ განზრახვაზე ხელი ავიღეთ. არ დაგიმალავთ, ახლა ცოტათი ვნანობ, რადგან როჭოს ჩანჩქერამდე თითქმის ნახევარი გზა გავლილი გვქონდა. ერთი სიტყვით, დროისა და ენერგიის სწორად განაწილების შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია შავი კლდეების სამდღიანი მარშრუტისას როჭოს ჩანჩქერიც მოინახულოთ. თუმცა ეს იოლი არ იქნება. 
ცოტა ხანი მდინარესთან დავყავით, გავგრილდით და ადმინისტრაციისკენ გავეშურეთ. 
ღამისთევის საფასური გადავიხადეთ და 16:00-ზე მანქანამაც მოგვაკითხა და თბილისისკენ წამოვედით. დაღლილები, მაგრამ უდიდესი ემოციებით დამუხტულები. რასაც დანამდვილებით გეტყვით, ერთია: 
აქ აუცილებლად დავბრუნდებით!


შენიშვნები, რჩევები, რეკომენდაციები

1. თუ ამ მარშრუტზე წასვლას გადაწყვეტთ, გირჩევთ წინასწარ გადაჭრათ ტრანსპორტის პრობლემა, რათა დროულად ჩახვიდეთ ლაგოდეხში, ხოლო უკანა გზაზე დაღლილებს აღარ მოგიწიოთ ტრანსპორტის ძებნა.

2. წადით შეძლებისდაგვარად მსუბუქი აღჭურვილობით. გზა საკმაოდ რთულია და თითოეულ გრამს შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა.

3. არ შეისვენოთ სანამ აღმართებს არ შეუდგებით. იქონიეთ მინიმუმ 2 ლიტრიანი ჭურჭლით წყალი და მაქსიმალურად გაუფრთხილდით მას. (პირველ და ბოლო დღეს განსაკუთრებით, რადგან გზაში არ შეგხვდებათ სასმელი წყალი)

4. საჭიროა სალაშქრო ფეხსაცმელი. სქელძირიანი. სასურველია სალაშქრო ჯოხებიც თუ გექნებათ. ასევე თბილი ტანსაცმელი და საწვიმარი.

5. თან იქონიეთ მზისგან დამცავი კრემი. ძალიან მაღალია მეორე დღის ლაშქრობისას დამწვრობის მიღების ალბათობა.

6. თუკი თავად დაგეგმავთ ლაშქრობას იქონიეთ პირველადი მოხმარების წამლები. თუ ჯგუფს გაჰყვებით გამყოლს უნდა ჰქონდეს წესით. (თუმცა ეს რჩევა ნებისმიერი ლაშქრობისას აუცილებლად შესასრულებელია)

7. აუცილებლად უნდა გქონდეთ პირადობის მოწმობები სასაზღვრო კონტროლის გავლისთვის.

8. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველ დღე დიდი მანძილი გაქვთ გასავლელი არ დალიოთ სასმელი ჭარბად. მცირე დოზით სპირტიანი სასმელი დაბანაკებულზე, რა თქმა უნდა, დასაშვებია :)

9. გზა ნამდვილად რთულია, ასე რომ სირთულეებისთვის მზად უნდა იყოთ.

10. სანახაობა იმდენად თვალწარმტაცია ღირს ყოველგვარი სირთულის დაძლევად :)